“გვესაჭიროება მაღალი, გამხდარი, 50 წლამდე გოგონა, CV “სელფთან” ერთად” – ​ამგვარი განცხადებისთვის საწარმო დააჯარიმეს

სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა, წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა, რასაც საწარმოს დაჯარიმება მოჰყვა.

საწარმომ დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსია გამოაქვეყნა, რის შედეგადაც შრომის ინსპექციამ ის გააფრთხილა, მაგრამ ამის მიუხედავად საწარმომ სოციალური ქსელის მეშვეობით, დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება განმეორებით გამოაქვეყნა.

“… ესაჭიროება ბუღალტერი 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ; მოთხოვნები: მაღალი, გამხდარი, პროგრამა ,,ფინაში“ მუშაობის გამოცდილება, წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; გთხოვთ სივი სელფთან ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე: …” – ეწერა განცხადებაში.

“დამსაქმებელმა გამოცხადებულ ვაკანსიას ხუმრობა უწოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების ერთგვარ მაგალითად დაასახელა.

დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადებების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე. დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ და რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, რისთვისაც სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა კანონით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობა და დამსაქმებელს გამოქვეყნებული ვაკანსიის ტექსტის ცვლილება დაევალა”, – ნათვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, შრომის ინსპექციის სამსახური დამსაქმებლებს მიუთითებს:

  • არ დაუშვან ვაკანსიის ტექსტში დისკრიმინაციული ენის მარკეტინგული თუ სხვა მიზნებისათვის გამოყენება;
  • არ შეუწყონ ხელი საზოგადოებაში ახალი სტერეოტიპული შეხედულებების დამკვიდრებას ან/და უკვე არსებულების გაძლიერებას;
  • გამონახონ „ოქროს შუალედი”, რომლითაც დაცული იქნება, როგორც აზრის თავისუფლება, ასევე იმ პირთა უფლებები, რომლებიც ამ თავისუფლების სამიზნეს წარმოადგენენ.

მსგავსი თემები