“სააკაშვილი მოშიმშილეებს მოწოდებს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ” – ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მათ  7 ნოემბრის საქმეზე გამართული მორიგი სასამართლო პროცესსა და სხვა თემებზე ისაუბრეს.

ადვოკატი განმარტავს, რომ არცერთ სისხლის სამართლებრივ საქმეში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა აღძრული, ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, შოთა თუთბერიძის თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მესამე პრეზიდენტი მორალურად მხნედაა.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად არის ისეთი, როგორიც იყო – ძალიან საფრთხილო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მორალურად პრეზიდენტი არის ძალიან მხნედ, ოპტიმისტურად განწყობილი. დარწმუნებულია, თავდაჯერებულია იმაში, რომ ქართველი ხალხი საბოლოო ჯამში მიაღწევს თავის მიზანს”, – განაცხადა ადვოკატმა.

მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის მოშიმშილეებს, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ და მოუწოდებს, თავიანთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

“პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც არა მხოლოდ შიმშილობს, არამედ სხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან საქართველოს გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს”, – თქვა თუთბერიძემ.

 

მსგავსი თემები