ქ. ბათუმში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის სემეკმა 16 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია შეითანხმა

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ბათუმის წყალის“ 2022-2023 წლების საინვესტიციო გეგმები  შეითანხმა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 16,251,941 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ჩამდინარე წყლების დამუშავების ხარისხი. კომპანია სამუშაოებს განახორციელებს მილსადენებზე ავარიებისა და ქსელში სასმელი წყლის დანაკარგების შემცირების მიზნით.

შპს „ბათუმის წყალი“ ოპერირებს ქ. ბათუმში, უზრუნველყოფს ბათუმის წყალმომარაგებისა და წყალარინების  მომსახურებას. კომპანია ექსპლუატაციას უწევს 650 კმ სიგრძის სასმელი წყლის ქსელს, წყალარინების 9 სატუმბ სადგურს, სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს, საწნევ-სამარაგო რეზერვუარებსა და წყალარინების გამწმენდ ნაგებობას.

 

მსგავსი თემები