უმრავლესობა შეცდომების მიზეზად დაუფასებლობასა და პრობლემებზე თვალის დახუჭვას ასახელებს

მმართველი გუნდი იმ შეცდომებზე საუბრობს, რამაც არჩევნებთან დაკავშირებით არსებული შედეგები მოიტანა. „ჩვენ გვჭირდება გამოცოცხლება, პრობლემების გაანალიზება და თვალის გასწორება“ – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასება, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

​როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გარდაცვალებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებაში მმართველ გუნდს პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვს.

„ამ ეტაპზე გადაბრალება-გადმობრალების დრო არ გვაქვს. მიზეზები ხელის გულზეა. უნდა ვაღიაროთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით მიცვალებულთა გაცოცხლების პირდაპირი თუ ირიბი მიზეზი ვართ ჩვენ. საჭიროა ქუდზე კაცის მობილიზაცია, არა მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც ახლა ჩვენს გვერდით არიან, არამედ მათი, რომლებიც 2012 წლის „გმირებად“ ითვლებიან, იყვნენ ოცნების მხარდამჭერები და გარკვეული მიზეზებით „ოცნებას“ განუდგნენ“ – აღნიშნა ქანთარიამ „მთავარში“.

​დეპუტატი გამოსავალს პრობლემების დანახვასა და ამომრჩეველთა გულწრფელ კომუნიკაციაში ხედავს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, მიღებული გზავნილი ნიშნავს, რომ გამოფხიზლება საჭიროა.

„მთავარია, როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე 6 წლის თავზე, როცა ჩვენს პირისპირ დადგა სააკაშვილის კანდიდატურა. მიზეზები სიღრმეში არ არის და მას დიდი მოძიება არ სჭირდება. საჭიროა გულწრფელი და გულახდილი საუბარი ამომრჩეველთან და მიზეზების სასწრაფოდ აღმოფხვრა. მტყუან-მართლის გარჩევის დრო არ გვაქვს. ჩვენი მხარდამჭერების ნაწილი არჩევნებზე არ გამოვიდა და ფაქტი სახეზეა. რატომ მოხდა ასე, ძალიან დიდი გამოცნობა არ სჭირდება. არსებობს როგორც სუბიექტური, ისე ობიქტური მიზეზები – მაგალითად, დაუფასებლობა, პრობლემებზე თვალის დახუჭვა და სხვა. კოჰაბიტაციასაც შეიძლება გარკვეული წილი ჰქონდეს. ჩვენ ფეხდაფეხ მოგვყვება ხიფათი, რომელსაც სტაბულური მდგომარეობა არ მოაქვს. ეს არის გზავნილი გამოფხიზლებისაკენ“ – აღნიშნა დეპუტატმა „მთავარში“.

მსგავსი თემები