როცა “ქართული ოცნება” იგივე შედეგს იღებს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა”, ეს დამარცხებაა – ბექა ნაცვლიშვილი  

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრ ბექა ნაცვლიშვილის აზრით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგია ის, რომ მმართველმა პარტიამ დღემდე ვერ გააცნობიერა, თუ 2012 წელს, რატომ დამარცხდა წინა ხელისუფლება, ვერ გაატარა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და ის დამარცხდა.

​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში იღებს იგივე შედეგებს, რასაც “ქართული ოცნება”, ეს დამარცხებაა მმართველი გუნდისთვის და ამაში სალომე ზურაბიშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” თავის დროზე დამარცხდა იმ რეფორმებისა და ეკონომიკური პოლიტიკისთვის, რასაც ის ატარებდა, როდესაც ძალადობით და ტერორით ინარჩუნებდა ძალაუფლებას.

“როდესაც შენ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებ, იძულებული ხდები ძალადობით და ტერორით შეინარჩუნო ძალაუფლება, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა, მაგრამ როდესაც უარს იტყვი ტერორზე და ამყარებ უფრო მეტ თავისუფალ გარემოს, ხელს უწყობ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და აგრძელებ იგივე ეკონომიკურ პოლიტიკას, ამას მოაქვს შედეგი უკვე შენთვის. “ქართული ოცნება” თავიდანვე იყო გაცხადებული, ევროპული სოციალ-დემოკრატიული ოჯახის წევრი, მაგრამ სოციალურ-დემოკრატიული პოლიტიკის თითქმის არც ერთი ნაბიჯი ჩვენ არ გვინახავს. თუ ჩვენ დიამეტრულად არ შევცვალეთ ეკონომიკური პოლიტიკა და სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა არ აიღო მოქალაქეების მიმართ, და სახელმწიფო არ გახდა ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველი და ვიქნებით მხოლოდ ბაზრის ამარა დარჩენილი, სიღარიბეს ვერ დავძლევთ”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი აზრით, ​ხალხმა “ქართულ ოცნებას” პასუხი გასცა არა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ არ დაძლეულა უმუშევრობა და სიღარიბე. “არ მომხდარა დიამეტრული გაუმჯობესება და ეს არის პასუხი ამ ყველაფერზე”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

მმართველ გუნდში ვერტიკალის ცვლილებას რაც შეეხება, ნაცვლიშვილის თქმით, ეს პარტია “ქართული ოცნების” გადასაწყვეტია, როგორ გადაჯგუფდება მისი ვერტიკალი და როგორ მიიღებს მომავალში ისეთი გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება უკეთესი შედეგის მომტანი, ვიდრე აქამდე იყო.

მსგავსი თემები