საქართველოში 3 518 877 ამომრჩეველია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, საქართველოში 2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. ხვალ დილიდან გაიხსნება 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. საარჩევნო უბნები ამომრჩევლებს 08:00 საათიდან მიიღებენ. “ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877 -ია, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს არაერთი სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის, რომლითაც საერთო ჯამში ამომრჩევლებმა მილიონზე (1 182 031) მეტჯერ გადაამოწმეს სიაში მონაცემები. ამომრჩეველთა სიები დაბეჭდილია და მათი საჯარო ვერსიები უკვე გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიებში“ – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება. მათ შორისაა 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლიანი ვადით აირცევენ. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

მსგავსი თემები