“ვიყავი მომღერალი და დავრჩები მომღერლად” – სოფო ხალვაში გადაწყვეტილებას არ ნანობს

ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში აცხადებს, რომ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მის მიმართ დისციპლინარული საქმის წარმოება მოულოდნელი იყო და ამის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო.

როგორც მომღერალი განმარტავს, აჭარის ტელევიზიაში მუშაობის პერიოდში ბოლო შემთხვევამდეც  მონაწილეობა პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებებში, მაგრამ სამსახურში პრობლემები არასდროს შექმნია.

“მე ვარ მომღერალი და არა ჟურნალისტი. ტელევიზიიდან ასეთ ნაბიჯს ნამდვილად არ ველოდი.​ მე მხოლოდ ვიმღერე, სიტყვით არ გამოვსულვარ და პოლიტიკური მოწოდებები არ გამიკეთებია. ტელევიზიაშიც იმიტომ ვმუშაობ, რომ მომღერალი ვარ. მე არ ვარ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი. ვიყავი მომღერალი და დავრჩები მომღერლად”, – აცხადებს სოფო ხალვაში და დასძენს, რომ ღონისძიებაში საკუთარი სურვილით მონაწილეობდა და თავის საქციელს არ ნანობს.

ცნობილმა მომღერალი სოფო ხალვაში, 26 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობდა. მან ღონისძიების დასასრულს ქართული ესტრადის სხვა მომღერლებთან ერთად შეასრულა გიორგი ცაბაძის ცნობილი სიმღერა “ჩემი საქართველო აქ არის”. აღნიშნული გამო, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემიდან სოფო ხალვაში დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე მოხსნეს.

სამსახურში პრობლემების შესახებ მომღერალმა სოციალური ქსელით შეიტყო, მოგვიანებით კი ტელევიზიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მასთან საუბარი სურთ.

“თბილისში ისედაც ხშირად მიწევდა ჩამოსვლა. ორივეგან ჩემი საქმე მაქვს. ისევ ასე გაგრძელდება. მაგრამ ბათუმის გარეშე არ შემიძლია, იმიტომ რომ ბათუმელი ვარ. ვერც თბილისის გარეშე გავძლებ, ვინაიდან ძალიან მიყვარს ეს ქალაქი”, – აცხადებს მომღერალი.

აჭარის ტელევიზიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროს გია ქარცივაძის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში ნათქვამია, რომ მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

წყარო: primetime.ge

მსგავსი თემები