„შესაძლოა, დღეში 12-15 000 ინფიცირებული მივიღოთ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ  „ომიკრონის“ საფრთხეებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, მსოფლიოს ქვეყნებში 3-4 კვირაში ხდება დომინანტური.

„თუ დავუშვებთ ინფიცირების 2-3-ჯერ გაზრდას, შესაძლოა, საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და შემდეგ მისმა დომინანტურად გახდომამ ყოველდღიურად 12-15 ათასი ინფიცირებული გამოიწვიოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ, ყველაზე სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

პროფოსორის განმარტებით, დაავადების მიმდინარეობა მძიმე არ არის, თუმცა, გავრცელების მასშტაბებით სახიფათოა.

„არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოო შეფასება არ არსებობს. ძირითადი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „დელტა“. ხასიათდება გაციების მსგავსი სიმპტომატიკით: ყელის ტკივილი, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ხველა, დაბალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა. არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, არც კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი, არც თავის ძლიერი ტკივილი. არ ფიქსირდება ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შეგრძნება“,- განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები