ბიძინა ივანიშვილის დაცვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა განახორციელოს – სიმონ ნოზაძე 

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე, სამთავრობო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მისი დაცვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

სიმონ ნოზაძის შეფასებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანის რეალური საშიშროება და მცდელობა არსებობს, რასაც მოწმობს ინტერნეტსივრცეში უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ექსპრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ბიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.

​როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ცუდია თუ კარგი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყნის სტაბილურობის გარანტია და მისი ლიკვიდაციის მსურველებს ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის შეცვლა სურთ.

​” წლების წინ სამთავრობო დაცვის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. მე და ყოფილმა უშიშროების მინისტრმა, ვახტანგ ქუთათელაძემ მაშინ, ორი სერიოზული ტერორისტული აქტი გადავიტანეთ. ის აქტები წარმატებული რომ აღმოჩენილიყო და მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე მოეკლათ, ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი შეიცვლებოდა. ამ საფრთხეს ვხედავ ახლაც. დასამალი არ არის, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი, ვინმეს მოსწონს ის თუ არა, არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტი. ეს კარგი რა არის რა თქმა უნდა, რომ ერთ კაცზე ვართ დამოკიდებულნი. ფული უამრავი აქვთ, ათეულობით მილიონი აქვს ალასანიას წაღებული აქედან, სურვილი და გამოცდილება აქვთ. 2 ისეთი მკვლელობა მოხდა სააკაშვილის დროს, რომ ამ ეჭვებს კიდევ უფრო მიმყარებს. მე როგორც ამ დარგის სპეციალისტი, მოვუწოდებ რომ ბიძინა ივანიშვილი დაიცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, მას ახლა პოლიცია იცავს. ის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ქვეყნისთვის”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

​კითხვაზე, არის თუ არა მისთვის დამაჯერებელი აღნიშნული ჩანაწერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ის პოლიტიკოსია და სწამს რომ ჩანაწერი ნამდვილია. მისი თქმით, აუცილებელია პროკურატურამ იმუშაოს და აღიძრას საქმე.

“ნიშანდობლივად მეჩვენა ის, რომ წლების წინ, ბიზნესმენ, ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაც მზადდებოდა, 4 კაცი იყო ჩასული ლონდონში ატაშეების საფარქვეშ, რომლებიც მუშაობდნენ ამაზე, – ასე თქვა ვალერი გელბახიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში. უნდა გამოიკითხოს, ალბათ, გელბახიანი და ბოლომდე მივიდეს ეს გამოძიება. ეს არ არის სახუმარო საქმე”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები