სკანდალი ძიუდოში – ზვიადაური ქევხიშვილს კორუფციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს

ოლიმპიური ჩემპიონი, ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს, კორუფციასა და ძიუდოს დაღუპვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ​ქევხიშვილმა ძიუდო, მისი და მისი სამეგობროს ბიზნესად აქცია. ​

​როგორც ზვიადაური აცხადებს ქევხიშვილი მან ჩამოიყვანა საქართველოში კანადიდან, სადაც ფიზიკურად მუშაობდა. მისი დამსახურებით იყარა ქევხიშვილმა კენჭი ყვარლის მაჟორიტარად, თუმცა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა და ძიუდო საკუთარ ბიზნესად აქცია.

“მთხოვა პოლიტიკაში ჩამსვიო, შევახვედრე ბატონ ბიძინას და კენჭი იყარა მაჟორიტარად ყვარელში. მან წააგო არჩევნები, რადგან ის სპორტსმენია და ძიუდო უნდა ეკეთებინა. ფედერაციის თავმჯდომარედ რომ დაინიშნა თავისი გუნდი მოიყვანა. ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლება. მან დაიწყო თავისი ჭკუით მოქმედება, არ ისურვა ერთად საუბარი და საძმაკაცო შეყარა ფედერაციაში. ასეთი საშინელი შედეგი არასდროს გვქონია. მან მწვრთნელთა გუნდის შეცვლაც მოინდომა, მაგრამ ყველამ წინააღმდეგობა გაუწია და ვერ შეძლო ამის გაკეთება. დღეს შედეგი გვაქვს ნული. ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, მაგრამ იფლანგება თანხები”, – აცხადებს ზვიადაური.

მისივე ინფორმაციით, ქევხიშვილს აქვს საკუთარი დარბაზი და სასტუმრო პლეხანოვზე, სადაც ახალგაზრდული ნაკრების სპორტსმენებს ავარჯიშებს და სადაც ​ერთი კაცი 80-90 ლარი ჯდება დღეში. ზვიადაური ინტერესდება, რატომ ვარჯიშობს ახალგაზრდული ნაკრები ქევხიშვილის სასტუმროში?

ზურაბ ზვიადაური ქევხიშვილის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ის არ არის კარგი მენეჯერი და ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი. უნდა მოიძებნოს ისეთი ადამიანი, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ძიუდოს.

“თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, დაწეროს განცხადება და წავიდეს ფედერაციიდან. მე არ მინდა ფედერაციის პრეზიდენტობა, რომ მდომოდა ვიქნებოდი. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, მე არანაირი სურვილი არ მაქვს მწვრთნელი ვიყო, ან ფედერაციაში “, – აცხადებს ზვიადაური. ​მისი შეფასებით, ძიუდოს ფედერაციაში პროცესები ასე თუ გაგრძელდა სპორტის ეს სახეობა დაიღუპება.

ზვიადაური სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ არასწორია სპორტის მიმართ სახელმწიფო მიდგომა. “მინისტრი რომ ხარ იმას კი არ ნიშნავს, სკამში ჩაჯდე და ბიჭებთან კომუნიკაცია არ გქონდეს. გამარჯვებული ბიჭები რო ბრუნდებიან, სახელმწიფო პრემია მათთვის 50 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული, მაგრამ ამ თანხას 1.7 ექვივალენტით ლარებში აძლევენ. ეს სამართლიანია? ავთანდილ ჭრიკიშვილი ბევრი ყავს ქვეყანას? ბიჭმა დაშლილი ხელით იჭიდავა, ოპერაცია გაიკეთა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელს არც დაურეკავს და არ მოუკითხავს. აი, ასეთი დამოკიდებულებაა ფედერაციაში“, – აცხადებს ზვიადაური.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. სამწვრთნელო შტაბის გადადგომის მიზეზი თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატი გახდა, საიდანაც  საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დაბრუნდა.

მსგავსი თემები