“შეიძლება, შეცდომებს ვუშვებ ქართულად საუბრისას, მაგრამ ქართველობას არასდროს დავარღვევ” – თემურ გორჯესტანი 

​პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მისი შვილი თემურ გორჯესტანი და საქართველოს საზოგადოებას მიმართა სიტყვებით: – ამაყი გესაუბრებით დღეს ქართულ ენაზე… შეიძლება შეცდომებს ვუშვებ ქართულად საუბრისას, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ.

​პრეზიდენტობის კანდიდატის შვილებმა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ თბილისში ლონდონიდან და პარიზიდან, მადლობა გადაუხადეს საზოგადოებას, სალომე ზურაბიშვილის ძლიერი მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ კვირას, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოსახლეობას ექნება  შესაძლებლობა 1921 წელს დაწყებული ისტორია ბოლომდე მიიყვანონ.

​როგორც თემურ გორჯესტანი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის ოჯახს არასდროს გაუწყვეტია თავის ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტი და 1990 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, სწორედ სალომე ზურაბიშვილის პირველმა ქმარმა დაწერა საქართველოს ლიბერალური ეკონომიკის პროექტი.

“მედიაცენტრი მთავარი” თემურ გორჯესტანის ემოციურ გამოსვლას სრულად გთავაზობთ.

” მე და ქეთევანი ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას, იმიტომ, რომ ჩვენთვის არის განსაკუთრებული მომენტი. კანდიდატი, რომელსაც მიმართავთ ქალბატონი სალომეთი, რომელიც კვირას, ალბათ, იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა, – დედავ,- არის ჩვენთვის სიმბოლო. ეს სიტყვა იყო ჩვენთვის პირველი ინსტიქტი და კავშირი შორეულ საქართველოსთან. ეს არ არის შანსის შედეგი, ეს არის პირველ რიგში ჩვენი მშობლების დამსახურება, პირველი ენა ყოფილიყო ქართული.

ჩვენ დღეს გვინდა მადლობა გადავუხადოთ დედას, მამას და გარდაცვლილ ბებიას და ჯანრის იმისთვის, რომ დღეს აქ, თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყი გესაუბრებით დღეს, ჩვენ ქართულ ენაზე, იმიტომ, რომ ეს ახასიათებს ჩვენი ოჯახის ქართველობის დაცვას. საქართველოს დაცვა იწყებოდა ოჯახში მისი ფუნდამენტური ფასეულობების შენარჩუნებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის, ყოველთვის იყოს წინაპრების პატივისცემა და ზრდილობა. ის, რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიმართ, ქალის მიმართ, გარდაცვლილი ბებიის მიმართ, არის სრულიად მიუღებელი. ეს შეურაცხყოფა იყო სრულებით არაქართული. შეიძლება შეცდომებს ვუშვებ ქართულად საუბრისას, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენს ოჯახში ქართველობის დაცვა იყო მოვალეობა ჩემი ბაბუის ლევან ზურაბიშვილის, როცა მან უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, არა იმიტომ, რომ საფრანგეთს უარყოფდა, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილიყო ქართველად. ის გარდაიცვალა როგორ ქართველი ლტოლვილი.

მამაჩემმა, სალომე ზურაბიშვილის პირველმა ქმარმა, 1990 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასთვის “საქართველოს ლიბერალური ეკონომიკის პროექტი” დაწერა. ეს იყო ვალდებულება ჯანრი კაშიასი, როცა წამოვიდა საქართველოში 80-იან წლებში ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ რომ ებრძოლა ლიტერატურით, ფილოსოფიით და ისტორიით, და ახლა არის დედაჩვენის ვალდებულება.

როცა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს იპოდრომზე, ოჯახმა ერთად ვეხვეწეთ, რომ საფრანგეთში დაბრუნდი, იმის გამო, რომ მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა. რომ საქართველოში პოლიტიკა კიდევ იყო საშიში. მაშინ ერთი პასუხი გაგვცა: – ბრძოლა იყო მისი ვალდებულება და პარიზში დაბრუნება იქნებოდა მისი მხრიდან სამშობლოს მიტოვება. – ეს სიტყვები დღემდე მახსოვს და დღეს მივაწოდეთ მოსახლეობას, როგორც დედაჩემის გამბედაობის მტკიცებულება.

ჩვენი ემიგრაციის ხედვა იყო ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღდეგ და საქართველოს დაბრუნება ევროპის სივრცეში. სალომე ზურაბიშვილის არჩევა, უნდა იყოს ხიდი, რომ საქართველო მიუახლოვდეს XXI საუკუნის ევროპას. ხიდი თბილისიდან პარიზამდე, თბილისიდან ბრიუსელამდე, თბილისიდან ლონდონამდე. ჩვენ ვოცნებობთ რომ დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამშვიდებული პოლიტიკური შეჯიბრი, რომელიც ჯერ არ შემოსულა.

დღეს ვფიქრობ ბებიაზე და ბაბუაზე. ისინი დღეს არიან ჩვენთან, შენთან… კვირას ექნება მოსახლეობას შესაძლებლობა შეასრულოს 1921 წელს დაწყებული ისტორია და ბოლომდე მიიყვანოს ემიგრაციის ოცნება.

დრო მოვიდა ჩვენთვის დაგითმოთ ძვირფასი დედა. ის, ვიცით, რომ დაგიცავთ ყველას, როგორც ჩვენ დაგვიცვა. გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს, ჩვენ საქართველოს”, – განაცხადა თემურ გორჯესტანმა დღეს, სპორტის სასახლეში, ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლისას.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები