მამაკაცს, რომელიც მეუღლისგან სამსახურიდან წამოსვლას მოითხოვდა, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა  

მამაკაცს, რომელსაც ყოფილი მეუღლე, მის მიმართ ძალადობასა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში  ადანაშაულებს, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

​როგორც დაზარალებული ე.გ აცხადებს, ყოფილი მეუღლე მ.ა უკვე ბოლო 2 წელია მის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას, შეურაცხყოფდა და ამცირებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. მოითხოვდა მუშაობისთვის დაენებებინა თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში დანით დასახიჩრებით ემუქრებოდა.

“2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ა-მ  ქუჩაში შეაჩერა ე.გ, ძლიერად დაუჭირა ხელი და უყვიროდა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. 2018 წლის 15 მარტს, მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მ.ა. შეუმჩნევლად მიუახლოვდა ქალს და ხმამაღლა გინება დაუწყო, რა დროსაც ანიშნა რომ ჯიბეში ჰქონდა დანა და სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში დაასახიჩრებდა“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა მ.ა 2018 წლის 29 მარტს, თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის საფუძველზე წარედგინა – ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და განაჩენთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი თემები