„ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო“ – მიხეილ სააკაშვილი წერილი

„ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია“ -წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გიული ალასანიამ წაიკითხა.

როგორც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი წერს,  ახლა მთავარია სამშობლოსთვის ბრძოლა.

„დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ოცნება, რომელიც მამოძრავებდა და მთავარი მიზანი, რომელიც გვქონდა, იყო მეხილა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, დასავლური ოჯახის სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად, საქართველო შეუქცევადად შემდგარიყო დასავლური რეინტეგრაციის გზაზე. სწორედ ქართველი ხალხის ამ ოცნებამ მიგვიყვანა „ვარდების რევოლუციამდე“, წარმოუდგენელ რეფორმებამდე და შეუმდგარი ქვეყნის არნახულ აღმშენებლობამდე, რეგიონის ლიდერობამდე და სამაგალითო ქვეყნად ქცევამდე.

მთელ პოსტსაბჭოთა სისტემაში პირველად იმგვარ დემოკრატიამდე, სადაც მმართველი პარტია შეიძლებოდა დამარცხებულიყო და ლიდერს ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა გამარჯვებულისთვის. ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია და ამიტომაც, ახლა ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აქციაზე გიული ალასანიამ წაიკითხა.

 

მსგავსი თემები