„ომიკრონის“ შტამის მასიურად გავრცელების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნება – მაკა ბულეიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

პროფესორი მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“  იმყოფებოდა და საქართველოში „ომიკრონის“ შტამის შემოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც ბულეიშვილი აცხადებს, „ომიკრონის“ შტამის მასიურად გავრცელების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნება.

„ამ ეტაპისთვის თერაპიულ ბლოკში ჰოსპიტალური დაავადების თვალსაზრისით პრობლემა ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ფხიზლად არ უნდა ვიყოთ. „ომიკრონი“ გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე 3-4 ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეკომენდაციები დაცული არ იქნება. განსაკუთრებით დიდი ყურაღება გვმართებს წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც მაღალია მოსახლეობის მობილობა. ჯერჯერობით „ომიკრონის“ რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული და მას „დელტა“ შტამი ჩანაცვლებული არ ჰყავს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია რომ „ომიკრონმა“ მთლიანად ჩაანაცვლოს. გამორიცხული არ არის დიდი რაოდენობის მასების დაინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს პრობლემები შეექმნას.

„ომიკრონის“ მსუბუქი სიმპტომატიკიდან გამომდინარე, მისი სწორად მართვის შემთხვევაში შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების, ანუ ოჯახის ექიმების მიერ იყოს მართული. მაგრამ თუ კი მასიური იქნება დაინფიცირების რისკი, ვნახეთ რა მოხდა „დელტა“ შტამთან, როდესაც 5 000 – 6 000 იყო ინფიცირების მაჩვენებელი მაშინაც კი გაუჭირდა საოჯახო მედიცინას, მაგრამ თუკი ეს რიცხვი სამმაგი, ოთხმაგი ან ხუთმაგი იქნება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება პირველადი ჯანდაცვის რგოლს. დღეს მთავარი საკითხია რეკომენდაციების დაცვა, ნიღბის ტარების მაჩვენებლების გაზრდა და მობილობის შემცირება. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ არანაირი შიში, არანაირი პანიკა“, – განაცხადა ბულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები