“ვეცდები ჩემს რაიონში არც ერთმა, არც მეორემ და არც მესამემ არ გაიმარჯვოს”- დავით ჭიჭინაძე არჩევნებზე  

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაუვალია მეორე ტური, რადგან მკვეთრად შეცვლილია “ქართული ოცნების” მიმართ მოსახლეობის განწყობა, ამომრჩეველი მხარს რადიკალიზაციას უჭერს.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ჭიჭინაძემ დღეს განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში, თბილისის ისნის რაიონში, დიდი ალბათობით, პირველ ტურში პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გავლენ. თუმცა, ამბობს, რომ ყველანაირად შეეცდება  აბსოლუტურად სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული.

“შევეცდები, რომ ჩემს რაიონში აბსოლუტურად სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული, არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ისნის რაიონში ის კანდიდატი გავა, ვისაც მე დავუჭერ მხარს და ამას დავანახებ ხელისუფლებას”, – აცხადებს დეპუტატი.

​მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება მოუწევს: “მეორე ტური გარდაუვალია, მაშინ ძალიან დიდი გაყალბება უნდა იყოს. როგორც ჩანს ზურაბიშვილის და ვაშაძე გავლენ. ჩემს რაიონში 5-იანი ძალიან ბევრია. შეცვლილია პოზიციები,  “ევროპული საქართველო” პრაქტიკულად მიბმულია “ქართული ოცნების” რეიტინგზე, როცა “ქართული ოცნების” რეიტინგი ეცემა, “ევროპული საქართველოს” რეიტინგის ეცემა. მოსახლეობა რადიკალიზაციას უჭერს მხარს. როცა “ქართული ოცნების” რეიტინგი ეცემა, იმათი მატულობს ვინც უფრო რადიკალურად არის “ოცნებასთან” დაპირისპირებული. ვითომ პოზიტივით მოთამაშე “ევროპული საქართველო” ემსგავსება “ქრისტიან დემოკრატებს”. ისეთივე ბმაში არიან ისინი “ოცნებასთან”, როგორც თავის დროს “ნაციონალური მოძრაობა” და “ქრისტიან-დემოკრატები” იყვნენ.

დავით ჭიჭინაძის აზრით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა იმის მანიშნებელია, რომ “ქართული ოცნება” გამოუვალ მდგომარეობაშია, სხვა შემთხვევაში პარტიაში მოიძებნებოდა ღირსეული კანდიდატი და მმართველ პარტიას პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი ეყოლებოდა.

მსგავსი თემები