“ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი” – მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი გუშინ გვიან მოინახულა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, მდგომარეობა საყურადღებოა და  მნიშვნელოვანია მისი მულტიპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი. გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია, ასევე გავაკეთეთ კონსულტაცია დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით და გარკვეული ჩვენი მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით. ვფიქრობთ, შეხვედრა მოვითხოვოთ როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სხვა კონსილიუმის წევრებთან“ – განაცხადა ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, მდგომარეობა ნეიროქირურგიული მიმართულებით უფრო საყურადღებო დახვდათ.

„ვფიქრობთ, საჭიროებს მულტიპროფილურ კორეგირებას. შესარჩევია ალტერნატიული სამკურნალო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით იმისათვის, რომ მოხდეს პაციენტის ეფექტური მკურნალობა და რეაბილიტაცია. რეფიდინგის პროცესი არ არის ამოწურული, ამიტომ დღეს, უფრო საყურადღებო დაგვხვდა მდგომარეობა ნეირომეტაბოლური მიმართულებით. ჩვენს დასკვნაში ჩამოთვლილია ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის სამკურნალო დაწესებულება, სადაც გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და რეაბილიტაცია. ასეთი დაწესებულება საქართველოში არის თუ არა, არ ვიცი, მოსაძებნია“ – განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

მსგავსი თემები