გერმანიამ შესაძლოა, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს

გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, „დოიჩე ველე“-ს  ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ევროკავშირში, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს.

გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული, როგორც გერმანიის ასევე ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების მხრიდან.

„ ამ ეტაპზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. ქართული მხარე ძალიან აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ევროკავშირთან და მის შესაბამის სააგენტოებთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის დღიდან შესაბამისი უწყებები საქართველოს აკვირდებოდნენ და მონიტორინგს უკეთებდნენ მიმდინარე პროცესებს. ასრულებდნენ იმ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ აღებული გვქონდა შესაბამისი გეგმის მიხედვით. თუმცაღა, მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემატიკა თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნებთან და ამ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობლემატიკის გადაჭრას. ამ კუთხით, ცნობილია, მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია შესაბამისი უწყებების მხრიდან, ისევე როგორც, საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით განხილვები.

„კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს სხვა დისკუსიები შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კიდევ უფრო გააქტიურდა მუშაობა, როგორც ევროკავშირის სააგენტოებთან, ასევე მის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. შედგა არაერთი შეხვედრა თუ ვიზიტი. მათ შორის, გერმანიაში განხორციელდა შს მინისტრის მოადგილის ვიზიტი და მათი მხრიდან საქართველოში ჩამობრძანდა გერმანიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. გვქონდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები. ამ კუთხით უნდა აღვნიშნოთ ასევე, რომ იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი მაისის ბოლოს გერმანიაში.

არა მარტო გერმანიაში, აქტიური თანამშრომლობა მიდის სხვა წევრ ქვეყნებთანაც. განსაკუთრებით, იმ ქვეყნებთან რომლებთანაც ბოლო თვეების განმავლობაში გარკვეული პრობლემატიკა გამოიკვეთა.

მსგავსი თემები