გირგვლიანის მკვლელობის ხორავას ქუჩის საქმესთან შედარება უზნეობა და ცინიზმია – ბიძინა ივანიშვილი 

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ერთი წლის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობისა და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს გირგვლიანის მკვლელობას შორის პარალელის გავლება, უზნეობად და ცინიზმად მიაჩნია.

მისი შეფასებით, სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და მის მკვლელებს ხელი დააფარა, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არ იკვეთება, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მკვლელობის მიმართ რამე ინტერესი ჰქონდა, რაც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადასტურა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ტელეინტერვიუში განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

“არსად იკვეთება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში.  სახელმწიფოსა და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი ერთადერთია, რაც შეიძლება სწორად იყოს წარმართული გამოძიება და დროში დასრულებული. გიმეორებთ, დროში ეს დასრულებული კიდევ არ არის. მიმდინარეობს სასამართლო. იმავდროულად მუდმივად გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ვმართავთ სასამართლოს, რომ პროკურატურა მართავს სასამართლოს. სწორედაც რომ პირიქით მოხდა, რომ პროკურატურისა და სასამართლოს ჭიდილში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულება და პროკურორი ამას შეეწირა და გადადგა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, მაღალი სტანდარტი დააკმაყოფილა, როდესაც თანამდებობიდან გადადგა.

მსგავსი თემები