გერმანიაში ქართველი სამართალდამცველების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში ქართული მხარის მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი კალანდაძე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, და 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

2012 წლის 29 ივლისს დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ, სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს ე.კ. წამებისა და ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. ე.კ.-მ სასტიკად წამების შემდეგ, გონება დაკარგა, თუმცა მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ. წამების შემდეგ, ე.კ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება  12-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები