„ბატონი გამრეკელის პრორუსობა რუსეთის პატრიარქსაც შეშურდებოდა“ – მიხეილ სააკაშვილი მეუფეზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის – მეუფე იოანე გამრეკელის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და მას რუსეთუმე მღვდელმთავარს უწოდებს.

“დღეს წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ, ძალიან უხეშად და უკიდურესად არაქრისტიანულად, საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა. ბატონი გამრეკელი დიდი ხანია შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა.

მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის აკადემია აღვადგინე და ეს მიტროპოლიტი ახლა ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, რომელშიც წყალი ჩადის და არაფერი კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად.

დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში. მათ შორის ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან. საქართველოს ეკლესიის ძირითადი შემადგენლობა პატრიოტებისა და პატიოსანი სასულიერო პირებისგან შედგება და მე დარწმუნებული ვარ, ისინი ხმას აიმაღლებენ, როგორც რუსული ცილისწამებისა და სადამსჯელო ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებენ პატრიარქისა და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში!”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. შერიგების თემაზე, დღეს, მიტროპოლიტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი შენდობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დანაშაულს აღიარებს.

 

მსგავსი თემები