პრეზიდენტი „დიდი შერიგებისთვის“ შეხვედრებს ხვალიდან იწყებს

ე.წ. დიდი შერიგების მისაღწევად, პრეზიდენტი ხვალიდან პოლიტიკური სუბიექტებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეხვდება, ჯერ საკითხის შიგნით დალაგებას შეეცდება, შემდეგ კი პროცესში „საერთაშორისო ძალებიც“ ჩაერთვებიან.

როგორც ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი აცხადებს, ეს საკმაოდ კარგი წამოწყებაა და შედეგიც უნდა დადგეს.

როგორც პარტია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია აცხადებს, პრეზიდენტს საკმაოდ ბევრი აქვს ამ თემაზე ნაფიქრი და შედეგიც უნდა დაიდოს.

„პროცესი ხვალინდელი დღიდან იწყება. პრეზიდენტი იწყებს ინდივიდუალურ შეხვედრებს. ეს საკმაოდ კარგი პრეცენდენტია – არა ყველა ერთად, არამედ, უფრო ავტონომიურად. ასევე, პრეზიდენტი შეხვდება არასამთავროვო სექტორს, სამოქალაქო საზოგადეოებას, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას საკმაოდ ბევრი აქვს ამაზე ნაფიქრი და მომწიფდა დრო. ყველაზე დიდი თემა, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელია, ეს არის ოკუპაციის საკითხი. ჯერ საჭიროა შიდა შეთანხმება და შემდეგი ეტაპი იქნება საერთაშორისო არენაზე გასვლა. თუ შიგნით ერთმანეთს არ დაველაპარაკეთ, ვერც აფხაზებს დაველაპარაკებით და ვერც ოსებს“ – აცხადებს ეკა ბესელია.

რაც შეეხება ე.წ. შერიგებას, პოლიტიკური სუბიექტებისთვის ეს ტერმინი არარელევანტურია და ეროვნული თანხმობისთვის უფრო ემზადებიან, ვიდრე პოზიცია-ოპოზიციის შერიგებისთვის.

ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ მმართველი პარტიის გარდა, ყველას ესმის ამ პრობლემის სიმწვავე. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ შესარიგებელი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ. შერიგებისკენ ნაბიჯი უკვე გადადგა და ორბელიანის სასახლეში ყველა პოლიტიკური სუბიექტი მიიწვია.  როგორც სალომე ზურაბიშვილმა ყველას გასაგონად აღნიშნა რომ  დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული „ჯახიდან“ და გადავიდეთ დამწიფებულ პოლიტიკაზე.

 

მსგავსი თემები