სოციალურად დაუცველი ადამიანები შემწეობის ნაცვლად ხელფასს მიიღებენ

„მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ  ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის“
, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა.

„სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტოტალური პრივატიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის შედეგად, განიავდა სახელმწიფო ქონება, დაინგრა, მოიშალა ყველაფერი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ჩამოიშალა, ცოდნისა და პროდუქციის წარმოება კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, შრომისუნარიანი ადამიანებს არსებულმა სოციალურმა პოლიტიკამ უმოქმედობისკენ უბიძგა. 

„საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავებისა თუ რეალური ცხოვრების გაუმჯობესების მიუხედავად, ჩვენს ეკონომიკას კვლავაც გააჩნია სტრუქტურული პრობლემები. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სოციალური პოლიტიკაა, რომელიც დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან თითქმის 300 000-მდე შრომისუნარიან მოქალაქეს უმუშევრობისა და უმოქმედობისკენ უბიძგებს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები და ამ ადამიანებს ქვეყნის აღმშენებლობაში ჩავრთავთ, მივცემთ მოტივაციას, სოციალური დახმარების მიღებასთან ერთად, დაიწყებენ სამუშაოს, შეძლებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია ან ახალი პროფესია აითვისონ“  – განაცხადა ღარიბაშვილმა.  

მსგავსი თემები