აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება

„კაზინოებთან დაკავშირებით ინიციატივა არა სექტორის შეფერხებას, არამედ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას ნიშნავს. „რამდენიმე კვირის წინ მე წარმოვადგინე კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ონლაინ კაზინოების, სათამაშო ბიზნესისთვის  საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, რაც სექტორის გადასახადების დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამასთან ერთად, აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ.  

„აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, ყველა საჯარო მოხელეს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით.  ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები