„ჯერ არ გვისმენდნენ, ახლა გვისმენენ, მაგრამ არ აკეთებენ“ – რას ითხოვს სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლებისგან?!

„მწვანე სტატუსის“ გარეშე, სავაჭრო ცენტრში შესვლა 20 000 ადამიანთან ერთად შეგვიძლია,  რესტორანში კი – არა, რაც აბსურდი და შეუსაბამობაა – აცხადებს „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე  „მედიაცენტრ მთავართან“ და იმ პრობლემებზე საუბრობს, რამაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორი სერიოზულად დააზარალა.

„ორ კვირაზე მეტი გავიდა „მწვანე პასპორტების“ შემოღების შემდეგ. შედეგი კი ზუსტად ისეთია, როგორსაც ვვარაუდობდით. „კოვიდ პასპორტებთან“ დაკავშირებული მხოლოდ სტუმარ-მასპინძლობის სფერო აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ კოვიდ პასპორტის გარეშე სავაჭრო ცენტრებში 20 000 ადამიანთან ერთად და იქიდან 30 მეტრში რესტორანში შესვლა ვერ მოვახერხოთ, რადგან ვერ დავაკმაყოფილებთ „მწვანე სტატუსის“ კრიტერიუმებს. ეს სრული შეუსაბამობა და აბსურდია“ – განაცხადა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით,  ე.წ. მწვანე პასპორტის მოქმედება ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს და არა გამორჩეულად.

„ჩემი აზრით, სწორი მიდგომა და მიმართულება იქნებოდა, „კოვიდ პასპორტების“ მოთხოვნა აბსოლუტურად ყველა სფეროზე გავრცელებულიყო, რომ ხალხს ეგრძნო მისი საჭიროება და ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაზრდილიყო. „მწვანე სტატუსის“ მთავარი მიზანი ხომ იმუნიზაციის ნიშნულის შესამჩნევად გაზრდაა. ბიზნესოპერატორებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, „მწვანე სტატუსის“ შემთხვევაში, დიდი ღონისძიებები, „ივენთები“  დაეგეგმა და გაემართა. ასეთ შემთხვევაში,  არც ბიზნესოპერატორი დაზარალდებოდა და  მომხმარებელიც თავად გადაწყვეტდა, მოაწყობდა, თუ არა საღამოს „დაცულ ზონაში“ გატარება“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართნ.“

მისი ინფორმაციით, მთავრობასთან  კომუნიკაცია აქტიურია, თუმცა, ჯერჯერობით არაფერი კეთდება: „მთავრობის წარმომადგენლები მხოლოდ ისმენენ მათ აზრებსა და ინიციატივებს. სახელმწიფოს ჯერ ვესაუბრებოდით და არ გვისმენდა; შემდეგ, გვისმენდა და გვპირდებოდა; ახლა უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა მოგისმენენ და გააკეთებენ. ახლა მხოლოდ მოსმენის ეტაპზე ვართ, გვისმენენ, მაგრამ, არ აკეთებენ. მათ უნდა გაიზიარონ ის, რასაც ბიზნესი უკვეთავს“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

შეგახსენებთ, რომ პირს „მწვანე სტატუსი“ იმ შემთხვევაში ენიჭება,  თუ  სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსი გადატანილი აქვს უახლოესი 6 თვის განმავლობაში ან გაკეთებული აქვს PCR ტესტი 72 საათიანი ვალიდურობით, ან ანტიგენის სწრაფი ტესტი 24 საათიანი ვალიდურობით.

მსგავსი თემები