პრეზიდენტის განცხადებით, შერიგება ადგილობრივმა ძალებმა უნდა მართონ და არა საერთაშორისო პარტნიორებმა

„ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ სუბიექტებს ხვდება. ღონისძიება ახალ წელს უკავშირდება და სადღესასწაულო შინაარსისაა. შეხვედრაზე, მიწვევის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ მოვიდნენ.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე არაერთი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა, რომელიც შერიგებას უკავშირდება.

„დაიწყო გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე „იმას“ თუ „ამას“, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს. ცხადია, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი. აუცილებელია, პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსის პლატფორმა. ეს პროცესი უცხოელებთან ერთად, ქართული, ეროვნული პროცესი უნდა იყოს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე შეფასებით, შერიგების პროცესი ადგილობრივმა ძალებმა უნდა მართონ დ არა საერთაშორისო პარტნიორებმა.

„დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მსგავსი თემები