„არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უკანონო მშენებლობა განახორციელოს და მიწები დაიტაცოს“ – კახა კალაძე

“დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა.

„მინდა ასევე, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობები. არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც გადაგვიდგამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ არასდროს შევეგუებით უკანონობას. არასდროს შევეგუებით გარკვეული კრიმინალური ჯგუფების მხრიდან დედაქალაქის მასშტაბით მიწების მიტაცებას და შემდეგ, ამ მიწებზე უკანონო მშენებლობებს. ეს მიწები არის ჩვენი ყველასი, ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების.”, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის შეფასებით, საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მუნიციპალურ მიწას ისაკუთრებენ.

“ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო საკუთრებებზეც ახორციელებენ უკანონო მშენებლობას. ნაკვეთი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. გვაქვს ფაქტები, როდესაც ამ მიწების დატაცება ხდება და იქ უკანონო მშენებლობები ხორციელდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, ყველას დავპირდე, რომ არავითარ შემთხვევაში, ამას არ დავუშვებთ, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება და მსგავსი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდება. რა თქმა უნდა, მოგეცემათ საშუალება, თქვენვე  განახორციელოთ დემონტაჟი და თუ ამას არ გააკეთებთ, მუნიციპალური ინსპექცია და ჩვენი შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები