პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას მუდმივი აგრესიის რეჟიმში წარმართავენ, რის საპირისპირო მაგალითსაც იძლევა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია ევროპულ სტილში წარმართა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საარჩევნო კულტურის განვითარებას.
“რაც შეეხება ჰააგის თემას, ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გარემოს შეფასებისას.
“საარჩევნო გარემო ჩვენ არავის არ მოგვწონს, არავის არ მოგვწონს ის, თუ როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია წარიმართება მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ეს ხელს არ შეუწყობს, ნამდვილად, პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა ეს კამპანია ევროპულ სტილში და ნამდვილად, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს, თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის, მე მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.