„მზად ვართ, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები მივიღოთ“ – შარლ მიშელი  

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ისაუბრა, რუსეთის აგრესია და დამატებითი სანქციების შესაძლებლობა იყო, როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, გამორიცხული არ არის, რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები დაუწესდეს.  

„კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, ნდობის აღდგენა და კარგი მეზობლობის ჩამოყალიბება აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას აირჩიოს ამბიციის დონე და მიზნები, რომლისკენაც ისწრაფვის ევროკავშირთან ურთიერთობაში“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელმა შემაჯამებელ ღონისძიებაზე ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის პრობლემებს და დამატებითი სანქციებიც აღნიშნა. მისი შეფასებით, აგრესიას უკრაინასთან მიმართებაში მტკიცე პასუხი მოჰყვება.

„ეს სამიტი და პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. კანონის უზენაესობა, მმართველობა, ფუნდამენტური უფლება, დემოკრატიული პრინციპები, ეს ფასეულობები ევროკავშირის ამბიციების საფუძველია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან. ჩვენ გვქონდა საუბარი რუსეთის პრეზიდენტმა. ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიპლომატური საუბრის საშუალება და ვსაუბრობთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც. რაც რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან მილიტარიზაციას უკავშირდება. ჩვენ მოვამზადეთ პოზიცია, რომელიც განიხილება საბჭოზე. ეს არის ძალიან მტკიცე, ერთიანი და თანმიმდევრული პოზიცია. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. მზად ვართ, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები მივიღოთ საჭიროების შემთხვევაში“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები