ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ფსიქიატრის ჩართვის რეკომენდაციას იძლევა

„პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა“ – ასეთია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნიდან ამონარიდი, რომელიც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.  

სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი სამედიცინო ჯგუფი პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის ციხეში გადაყვანის რეკომენდაციას არ იძლევა.    

„რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება. პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია. სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული.

საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი.არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ“ ვკითხულობთ ექიმთა ჯგუფის დასკვნაში.

მსგავსი თემები