„მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით სწავლის გადასახადიც გადამიხდია“ – იაგო ხვიჩია

აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩამ სკანდალური განცხადება გააკეთა: მე მოთამაშე ვარ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია – რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო? ჰკითხა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მომხსენებელ დეპუტატ, დავით სონღულაშვილს.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ის მთელი ცხოვრება თამაშობდა.

„დღეს ამ დარბაზში, არიან მედიისა და სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ჩემი კოლეგები, მაგრამ მე ვერ ვხედავ ჩემნაირ წარმომადგენლებს მოთამაშე ადამიანების სახით. მე მოთამაშე ვარ. სულ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი, სხვადასხვანაირად, ისევე როგორც ბევრი ჩემი კოლეგა. ვთამაშობდი ყველაფერს – დაწყებული იქიდან, რომ ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი ე.წ. „მაზიანზე“, აქედან მოყოლებული „პოკერიც“ მითამაშია და ტოტალიზატორში მოგებული ფულით უნივერსიტეტში სწავლის გადასახადიც გადამიხდია. მე ამას ვაკეთებდი უნივერსიტეტის დროს და მანამდეც – ფაქტობრივად ბავშვობიდან.“ „ზოგადად ადამიანი მოთამაშე არსებაა, როდესაც თამაშობს შეცდომების დაშვების მნიშვნელობას, წაგების ტკივილს და მოგების სიხარულს სწავლობს. დაახლოებით ისეთი საკითხის წინაშე ვართ – მეღვინეობა რომ დასაზრახი იყოს რამდენიმე ლოთის გამო რატომ მიკრძალავთ თამაშს და რატომ ამიკრძალავდით 21 წლის ასაკში, როდესაც საჯარო მოსამსახურე ვიყავი. რა არგუმენტაცია არსებობს იმისა, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში აუკრძალო?“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ კომიტეტის სხდომაზე.  

ხვიჩიას განცხადებას, რომ ბავშვობაში „მაზიანზე“ ფეხბურთს თამაშობდა, უმრავლების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასე უპასუხა: „ბავშვობაში უნდა დაგაბრუნო და ფეხბურთის თამაში უნდა დაგაწყებინო“.

იაგო ხვიჩიას პასუხმაც არ დააყოვნა და პასუხის პასუხი გააგრძელა:  „სიამოვნებით, სულ ვოცნებობდი თქვენნარ ხალხთან ფეხბურთის თამაშზე, ეს ბუნებრივია.“

შეგახსენებთ, რომ კანონი აზარტული თამაშების შეზღუდვისა და რეკლამის შესახებ, 2022 წის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები