პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილეს.

სხდომის მონაწილეებმა, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმდინარეობაზეც იმსჯელეს. სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების გარემო და შესაბამისი, მიმდინარე პროცესები.

„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის საბოლოო ვერსიის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნა 2022 წლის თებერვალში იგეგმება. ამასთან, 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება საქართველოს მთავრობის მიერ, ისევე, როგორც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცება. აღნიშნულთან ერთად, იგეგმება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია, რამდენადაც წარმოადგენს საბჭოს აპარატის პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს. რეფორმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ზოგადად სახელმწიფოსთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო თურმანიძემ.

მსგავსი თემები