„დეკემბერ-იანვარი ინფიცირებულთა რაოდენობითა და სიკვდილიანობით ისევ მაღალი იქნება“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“​

​ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების მხრივ, დეკემბერი და იანვარი სარისკო და საშიშია. განსაკუთრებით კი გაფრთხილება ხანდაზმულებსა და მათ ეხებათ, ვინც აცრის წინააღმდეგია.    

„ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ასევე მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ჯერჯერობით, საუბარი არ არის, რომ ტალღა მილევისენ მიდის. მით უმეტეს, საფრთხილოა ახალი ვარიანტების გავრცელება. დეკემბერ-იანვარი ახალი მაჩვენებლებითა და სიკვდილიანობით ისევ მაღალი იქნება. ძირითად საფრთხეს მაინც ასაკოვნები წარმოადგენენ. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვაქცინაციისგან თავს იკავებენ“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე შეფასებით, „ომიკრონის“ გავრცელება არავაქცინირებულებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ვაქცინირებულებში.

„ვიცით, რომ ვაქცინა იცავს ამ შემთხვევაშიც, თუმცა, ზუსტდება რამდენად შემცირდა თითოეული ვაქცინის ეფექტურობა. ამ ეტაპისთვის, ამ მხრივ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. თუ ვაქცინის ეფექტურობა ჩამოცდა 50%-ს სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი ჩანაცვლება ვაქცინის ხალი ვარიანტით“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.      

მსგავსი თემები