“მყისიერად არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი, ყველა ბერკეტი” – დავით ზალკალიანი გატაცებულ ქართველზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად უწყება ყველა ბერკეტს იყენებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ჩვენთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. მყისიერად არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი, ყველა ბერკეტი, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის საშუალებით პირდაპირ არის გასული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის თანათავმჯდომარეები და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ყველა არსებული მექანიზმის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მოქალაქე“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

მსგავსი თემები