მიხეილ სააკაშვილთან ფსიქიატრიც შევიდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან, სხვა ექიმებთან ერთად, ფსიქიატრიც შევიდა. საუბარია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კონსილიუმზე, რომელსაც ფსიქიატრი ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებით დაემატა.

როგორც ფსიქიტრმა  მარინა კურატაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  პაციენტის მდგომარეობაზე საუბარს მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მას მოინახულებს.

სახალხო დამცველის თქმით კი დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი შემოწმება მოხდება. „ექიმები გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და შემდგომ, ალბათ, იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობასთან დაკავშირებით“ – განუცხადა ნინო ლომჯარიამ მედიას.

რაც შეეხება ექიმ-ფსიქიატრს, ლომჯარიას განცხადებით, არსებული სტრესიდან გამომდინარე, მისი ჩართვაც გახდა საჭირო.

„ბოლო ვიზიტის შემდგომ, გავაკეთეთ რეკომენდაციები და ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტის მართვასა და მკურნალობაში სასურველი იყო, მონაწილეობა მიეღო ფსიქიატრს და ფსიქოლოგს. ასევე, გაჟღერდა ალტერნატიული ექსპერტების, ადვოკატების მხრიდან და პირადი ექიმის მხრიდან, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დასამატებელია ამ მიმართულებით შესაბამისი ექსპერტიზა“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დაახლოებით 2 საათზე მეტია, ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება.   

მსგავსი თემები