“ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას” – კელი დეგნანი

ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას და კონსტრუქციულად მუშაობას რეფორმების შესასრულებლად, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილზე შარლ მიშელის, ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეისადმი.

კელი დეგნანის თქმით, საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება არის ბუნებრივი წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ პროგრესი ძალიან მალე იქნება.

„საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს ევროკავშირი, აშშ თუ სხვები, რომლებიც ნამდვილად ზრუნავენ და მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სურთ, იხილონ რეფორმების გაგრძელება; იმ რეფორმების გაგრძელება, რომლებსაც საქართველო ახორციელებს ბოლო 20 წლის განმავლობაში, არის პროცესის ნორმალური ნაწილი. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ ძალიან შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ეს გაგრძელდება, რადგან ყველამ იცის, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ შემთხვევაში, პარლამენტმა მიმართა რეკომენდაციებისთვის საერთაშორისო ექსპერტებს, როგორიცაა ვენეციის კომისია, ოდირ-ი და სხვა საერთაშორისო ექსპერტები. პარლამენტმა მიმართა რეკომენდაციებისთვის და ახლა რეკომენდაციები მრავალ საკითხში უნდა შესრულდეს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, რამდენჯერმე შეთანხმდნენ, რომ ეს რეფორმები საქართველოს საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენს.

ვფიქრობ, რომ ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა, არის იმედი, რომ ყველა ეს პარტია კვლავ შეძლებს გაერთიანებას და კონსტრუქციულად მუშაობას ამ რეფორმების შესასრულებლად, კანონმდებლობის დასამტკიცებლად და იმის შესანარჩუნებლად, რომ საქართველო წინ წავიდეს იმ გზაზე, რომლის სურვილიც გამოთქვა ქართველების უმრავლესობამ და ეს არის ქვეყნების ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია როგორც ძლიერი, სუვერენული ქვეყნის მდიდარი ისტორიით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკურ ოჯახში თავისი წვლილი შეიტანოს. საქართველოს ბევრი რამით შეუძლია წვლილის შეტანა, მას აქვს ევროპის ნაწილად ყოფნის ისტორია. ასე რომ, საქართველოსთვის ერების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება არის ბუნებრივი წინსვლა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ მხრივ პროგრესს ძალიან მალე ვიხილავთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ მოლაპარაკებულ პოლიტიკურ შეთანხმებას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელსა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართეს, როგორც წერილშია ნათქვამი, ოპოზიციის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები