ირაკლი ღარიბაშვილმა ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა

პროექტის ჯამური ინვესტიცია 18 მილიონ ლარს აღემატება, რომლის 9 მილიონის სუბსიდირება მოხდა პროგრამა “აწარმოე საქართველოს” დახმარებით. პროექტის ფარგლებში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ სამ სართულზე, ჯამში, 10 000 კვადრატულ მეტრზე თანამედორვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს. ადგილზე წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარების მიერ წარმოებული პროდუქცია.

პირველი სართული ბაზარს დაეთმობა, სადაც 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი გაიყიდება.

ამ ეტაპზე, ბაზარში 100-ზე მეტი მეწარმე და საცალო მოვაჭრეა წარმოდგენილი.

მეორე სართული კვების 35 ობიექტს გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა – „ბაზარი გასტრო სკოლა” ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. მთავრობის მეთაური ორბელიანის მოედანზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის დეპუტატები, არჩილ თალაკვაძე და რატი იონათამიშვილი.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები