თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი წარდგენა არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მისი წარდგენა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე არ განიხილება.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ასევე მთლიანად სისტემისთვის.

„თანამდებობის მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო, რათა მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ იმ პოზიციიდან, რა პოზიციაზეც ის ფიქრობს აქტივობის გაგრძელებას“, – განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა, თამარ გაბუნიამ აღნიშნა: „ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება“.

„ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას. ვფიქრობ, პარტიის არენიდან ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძისთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ მოახერხოს როგორც სოციალური მიმართულებით დაწყებული რეფორმების განვრცობა, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით დაწყებული რეფორმებისა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა. სტანდარტული პროცედურაა, როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას მასთან ერთად, შემდეგ ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, მოულოდნელი იყო, ის ჩვენთვისაც გუშინ გახდა ცნობილი“, – განაცხადა გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.

მსგავსი თემები