სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სისტემურ დარღვევებზე საუბრობს

ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2021 წელს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევები გამოვლინდა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, უკანონო მიყურადების ფაქტები მასშტაბური იყო, რაც საგანგაშოა.

„წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. 21 მარტს, ერთ-ერთი ტელევიზიით გავრცელდა ყოფილი სამართალდამცავის აღიარებითი ინტერვიუ, რომელიც საუბრობდა პოლიტიკოსების, მათ შორის ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში განხორციელებული უკანონო მიყურადების თაობაზე. მოგვიანებით ანა დოლიძემ დაადასტურა ყოფილი სამართალდამცავის მიერ ინტერვიუში მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის სიზუსტე. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით არცერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ფორუმზე.

მისივე შეფასებით, მიმდინარე წელს ფარული მიყურადების ამსახველი მასალების აქამდე უპრეცედენტო გაჟონვას ჰქონდა ადგილი.

„მედია-საშუალებებს მიეწოდათ სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვებული ათასობით ფაილი, ძირითადად სასულიერო პირების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ოქმების სახით და მათი ანალიზი. დოკუმენტები ასევე შეიცავდა აღნიშნული პირების მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ შინაარსობრივ ინფორმაციას. საგულისხმოა ისიც, რომ არაერთმა პირმა დაადასტურა გავრცელებულ მასალებში ასახული კომუნიკაციის ნამდვილობაც. გავრცელებული ფაილების უპრეცედენტო მოცულობისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული“ – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.   

მისივე შეგახსებით, საქართველოს პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტზე მალევე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, თუმცა, სახალხო დამცველის აპარატს არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და  სახალხო დამცველის მოთხოვნას პროკურატურამ უარით უპასუხა.

მსგავსი თემები