„რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწურ სიტყვებზეა საუბარი“ – კახა კალაძე ტიკარაძე-ღარიბაშვლის შესაძლო დაპირისპირებაზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირება გამორიცხა. მისი შეფასებით, მთავრობის კაბინეტში არანაირი უწმაწური სიტყვები არ ყოფილა.

„არამგონია,  არ არის ეს სწორი ინფორმაცია, რატომ იგონებთ  ამას. მთავრობის სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა. არანაირი დაპირისპირება არ იყო, არავინ არ მოიხსენიებდა ერთმანეთს უწმაწური სიტყვებით. რომელ საუკუნეში ვართ, რა უწმაწური სიტყვებით მოხსენიებაზეა ლაპარაკი. შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყო მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა, მე არ ვარ მთავრობის წარმომადგენელი, ამიტომ გამიჭირდება.

მთავრობის ხელმძღვანელი თავისი კაბინეტის მინისტრებს სამუშაო ფორმატში რა თემებზე ესაუბრება, ეს რა თქმა უნდა, არც გენერალური მდივნის საქმე არ არის და არც პოლიტსაბჭოსი. მე ვარ ქალაქის მერი, მაქვს ჩემი საქმე და დღის წესრიგი“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ის, დაკავებულ პოზიციას წლის ბოლომდე დატოვებს.  

მსგავსი თემები