შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე სს საქმე აღიძრა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში შემოპარვის მარშრუტის დაგეგმვაშია ბრალდებული. პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ მას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ამავე საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან და სწორედ ლორთქიფანიძის გეგმით ჩასვეს ის ტრაილერში რომლითაც საქართველოში შემოიყვანეს.

„გიორგი ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუკჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ე. ც.-ს და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა.

ე.ც. 20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა. 26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ი შეიყვანეს.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ. 29 სექტემბერს, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი მ „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გ.ნ -სთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში,სადაც მიხეილ სააკაშვილი ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს. გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს”, – განაცხადა პროკურორმა სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები