„არ დაგვინდეს ბავშვებიც, უნდოდათ აფრასიძეების ოჯახში ცოცხალი არავინ დარჩენილიყო“ – ლედი აფრასიძე „მედიაცენტრ მთავარში“

გენერალურმა პროკურატურამ  2004 წელს, სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განადგურებული აფრასიძეების ოჯახის საქმეზე სს საქმე აღძრა და აფრასიძეები დაზარალებულად ცნო. აფრასიძეების ოჯახის ერთ-ერთმა გადარჩენილმა წევრმა, რომელიც მაშინ 7 წლის ბავშვი იყო, მისი ოჯახის განადგურებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ბრძანების გამცემისა და დავალების შემსრულებლის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.   

როგორც ლედი აფრასიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ბრძანების გამცემი მაშინდელი პრეზიდენტი იყო, შემსრულებელი კი შინაგან საქმეთა მინისტრი.

„2004 წელს სააკაშვილის ბრძანებით და ბარამიძის ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ ჩემს ოჯახს. ეს იყო თავდასხმა ერთი ოჯახის მიმართ, გამოცხადებული ომი სახელმწიფოს მხრიდან. მათი მიზანი იყო, რომ ამ სპეცოპერაციით მაშინ არსებული ყველა დანაშაული აფრასიძეების ოჯახისთვის დაებრალებინათ და სწორედ ამიტომ უნდოდათ, რომ იქ ცოცხალი არ გადავრჩენილიყავით. სააკაშვილმა თავად აღიარა, რომ თავად გასცა აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება. არ დაგვინდეს მთელი ოჯახი, მათ შორის არც ბავშვები, მოუხედავად იმისა, რომ მათ კარგად იცოდნენ, სახლში ვიყავით სრულიად უდანაშაულო ბავშვები. ისროდნენ ყველა მხრიდან და სრულიად შემთხვევით გადავურჩით სპეცრაზმელების ტყვიებს. სწორედ ეს არის სააკაშვილის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, რომელსაც ემსხვერპლა ჩემი ოჯახის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ოჯახი ითხოვა, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ბარამიძესა და სხვა პირებს ამ საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოთ.

„ვითხოვთ, რომ სააკაშვილს წარუდგინონ ამ საქმეზე ბრალი და დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც მის უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, დაისაჯოს გიორგი ბარამიძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინდელ სპეცოპერაციას. როცა უკვე დასკვნით ეტაპზეა გამოძიება და პროკურატურამ ჩემი ოჯახის წევრები დაზარალებულებად ცნო, ვითხოვთ, უმოკლეს ვადაში წარედგინოთ ბრალი შესაბამის პირებს და სამართლიანობა აღდგეს საბოლოოდ“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები