საქართველოს შავი ზღვისპირა ერთ-ერთ ქალაქ ფოთში დღეს, XIX საუკუნის სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენის, ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის კოშკი დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კოშკის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსდა.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ფოთის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, კოშკში განთავსებული ნიკოლაძისეულ ავეჯსა და ნივთებს რესტავრაცია, მათი ინიციატივით ჩაუტარდა.
ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორს ელენე გაბლიანს ფოთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.
ფოთი წელს, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 175 წლისთავს აღნიშნავს.
საზეიმო თარიღთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზს დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა. ყვავილებით შეამკეს ქალაქში არსებული ნიკო ნიკოლაძის ძეგლი.
როგორც ფოთი მერი გოჩა კურდღელია აცხადებს, ქართველებს ძნელად მოგვეპოვება მსგავსი სიდიადის პიროვნება, როგორც ნიკო ნიკოლაძე იყო, მან წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის განვითარებაში. ამ მხრივ, ფოთელებს ყველაზე მეტი სიკეთე ერგოთ. ფოთის ნავსადგური, ქალაქის დაგეგმარება, მისი არქიტექტურა, საკათედრო ტაძარი, და ბევრი სხვა ამტკიცებს, რომ ნიკო ნიკოლაძეს სამართლიანად ეწოდა ფოთის აღმშენებელი.
“ყველა ფოთელის სახელით, ქედს ვიხრი მისი ღვაწლისა და ხსოვნის წინაშე. შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ დიდი საზოგადო მოღვაწის, ფოთის ოთხგზის ქალაქისთავის, ნიკო ნიკოლაძის ხსოვნას. ამ ბუმბერაზმა ადამიანმა წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის განვითარებაში. ხშირად დავფიქრებულვარ მის სიტყვებზე:“გემსახურებოდი ჩემო ქვეყანავ, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა…“რაოდენ დიდი ყოფილა მისი სიყვარული და რაოდენ უსაზღვრო მისი ნიჭიერება, რომ სწორედ ასე ემსახურა მის სათაყვანებელ სამშობლოს“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
ნიკო ნიკოლაძე ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე და ერის მამად აღიარებული ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო.