“დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

“ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” – იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორ ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

სპეციალისტის მთავარ რეკომენდაციად კვლავ იმუნიზაციის პროცესში ჩართვა და რეგულაციების შესრულება რჩება.

“ჩვენ გვაქვს წინ ზამთრის პერიოდი და რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატება. გვაქვს გრიპის შემთხვევების მატების მოლოდინი და ასევე, მოლოდინი, რომ ქვეყანაში, დაფიქსირდება ახალი მუტაცია, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ამიტომ, დეკემბერ-იანვარი იქნება, თითქმის 2-წლიანი პანდემიის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული გამოცდა, ვინაიდან ასეთი რეალური საფრთხეები წინა ანალოგიურ პერიოდში ნამდვილად არ ყოფილა.

უახლოესი თვეების განმავლობაში, პერსპექტივა იმისი, რომ საქართველომ ვაქცინაციით მოახერხოს პოპულაციური იმუნიტეტის შექმნა, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ყველაფერი, რაც კეთდება, შედეგიანია, მაგრამ არასაკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ სწრაფად მივიღოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვა, რაც მინიმუმ გვჭირდება იმისთვის, რომ განვაცხადოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება,” – აღნიშნა  ივანე ჩხაიძემ “მედიცანტრ მთავარში.”

მსგავსი თემები