“არ მჯერა სააკაშვილის და სხვა ოპონენტების გულწრფელობის, დღეს მათ მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჰარმონია სურთ” – თეა წულუკიანი

არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობის, თითქოს მათ სურთ ეროვნული თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ისინი საზოგადოებას თავს აჩვენებენ, თითქოს ჰარმონია, თანხმობა სურთ.

„რაც შეეხება ბატონი მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სხვა ოპონენტების გულწრფელობას, თითქოს ეროვნული თანხმობა სურთ, მე პირადად ამის არ მჯერა, რადგან როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას ჩარეცხილებად და თავისიანებად. ჩვენ დღესაც სამწუხაროდ, ამის შედეგს ვიმკით. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ, თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა, არიან პირველი და მე ვიტყოდი, ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და აქეთ გვიკიჟინებენ, რომ ეს პოლარიზაცია ხელისუფლებამ უნდა შეამციროს. ამიტომაც რა თქმა უნდა, ამისი არ მჯერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ვიდრე გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნულია წერილში.

მსგავსი თემები