ქართველი ძიუდოისტი, 18 წლის ლაშა ბექაური (90 კგ) მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ტურნირის ფინალში, იაპონელი სანშირო მურაო 37 წამში, იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ბექაურმა ფინალამდე ოთხი ბრძოლა მოიგო. პირველ წრეში კანადელ ბენჟამინ კენდრიკს ვაზარით აჯობა. მეორე დაპირისპირება ლატვიელ ემილს გერკენთან ჰქონდა, რომელსაც 30 წამში იპონით სძლია. მეოთხედფინალში იაპონელ კოსუკე მაშიამას, ხუთწუთიანი შეჭიდების შემდეგ, გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო. ნახევარფინალში სერბი დარკო ბრასნიოვიჩი წუთსა და 18 წამში იპონით დაამარცხა და ფინალში კიდევ ერთ იაპონელს, სანშირო მურაოს იპონით, 37 წამში მოუგო.
ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბრინჯაოს მედალი 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ლუკა მაისურაძემ მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ შეხვერდამდე ტატო გრიგალაშვილს აჯობა, ხოლო ბოლო ბრძოლა ტაჯიკ მადჟიდოვს წუთსა და 38 წამში მოუგო.