აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო პროექტების მასთან შეთანხმებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 6 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „რესპუბლიკის პრეზიდენტის“ 2006 და 2019 წლების განკარგულებებით, „საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სფეროში“ და სავალდებულოა, რომ მასთან შეთანხმდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეალიზაციისთვის დაგეგმილი პროგრამები“.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, უცხოურმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წინასწარ უნდა შეუთანხმონ ახალგაზრდების შეხვედრებიც, დისკუსიები, მრგვალი მაგიდები და სემინარები, საინფორმაციო მასალების გავრცელება და ასევე, საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების მომზადება. გარდა ამისა, უცხოურმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ მათი პროექტების და პროგრამების განხორციელების ანგარიშები და თანამშრომელთა პერსონალური შემადგენლობა და დოკუმენტები დაფინანსების წყაროებისა და სახსრების ხარჯვის მიზნების შესახებ.

მსგავსი თემები