მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და  შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებთან დანაცხადა, ყოფილ პრეზიდენტთან თითქმის არ უსაუბრია, მხოლოდ  ახალი აღთქმის მეექვსე – შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეუსრულა.

„გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, არის ზეთის კურთხევის საიდუმლო. ეს არის ლოცვები. პირადად, ორი  საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო. შვიდჯერ ზეთისცხება, ასე უფროა ხალხისთვის ცნობილი. შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური მკურნალობა, განკურნებაც ხდება და ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს. ლოცვებში ეს ორივეა, ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული –  ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა“ – განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან.

მიტროპოლიტის განმარტებით, ძალიან კარგად იმოქმედებს ეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე.

„რადგან ბევრი ექიმისგან  გამიგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ არის კონტაქტური, თუ ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს საიდუმლოება განსაკუთრებით რეანიმაციაში სრულდებოდა ხოლმე, ყოველთვის იყო შედეგი და ამან ჩემი რწმენა გამიძლიერა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საიდუმლოება მისთვის შემესრულებინა“ – განაცხადა მეუფემ მედიასთან.

მსგავსი თემები