მიხეილ სააკაშვილის არც გაწერა და არც უცხოეთში გადაყვანა იგეგმება – აცხადებს მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალმა უნდა მიიღოს. როგორც მინისტრი განმარტავს, ამ ეტაპისთვის, მისი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერა არ იგეგმება. მისივე განცხადებით არც უცხოეთში გადაყვანა მოხდება, 

“ჩვენ ვეყრდნობით ექიმების დასკვნებს, ვაკეთებთ ამ დასკვნების ანალიზს.  გავდივართ ძალიან ბევრ კონსულტაციას ყველა ჭრილში და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს ექიმებმა ვერ შეძლონ და ვერ მართონ იმ პაციენტის საჭიროებები, რომელიც შიმშილობს, არ ჰქონდეთ საკმარისი კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გაგვივლია იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო პაციენტის გადაყვანა უცხოეთში და იქ მისი მკურნალობის გაგრძელება.

ჩვენ ყველა ეტაპზე ისე ვმართეთ პაციენტის ჯანმრთელობა, რომ მის სიცოცხლეს არანაირი რისკი არ შექმნია და მომავალშიც ჩვენი ექიმები გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას და ამის რისკი არ დადგება. როდის გაწერენ, ეს ჩემი მხრიდან იქნება რთული სათქმელი, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას იღებს მკურნალი ექიმი. ამ ეტაპისთვის გაწერა არ იგეგმება, ვინაიდან გარდა კვების აღდგენისა, პაციენტს ასევე სხვა საჭიროებები აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ის ჩაითვალოს სრულად ჯანმრთელად და ამის შემდეგ მოხდეს მისი გაწერა,“ – განაცხადა მინისტრმა „რუსთავი 2“-თან.  

მსგავსი თემები