პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და მოადგილეებს მხარს არ დაუჭერენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია გეგმავს მათ არჩევაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღოს.

“არ გამკვირვებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ოცნება” აპირებს ყველა თანამდებობა თავად დაიკავოს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია არის მიდრეკილი ერთპიროვნული მმართველობისკენ. მთელი ჩვენი სტრატეგია და დღის წესრიგი გახლავთ ის, რომ წერტილი დავუსვათ ერთპიროვნულ მმართველობას, ვიმუშაოთ ბალანსზე და იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთად მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ. შესაბამისად, დღეს თბილისში ჩვენ არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კონკრეტულად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, არც მოადგილეებს და სავარაუდოდ, თუ ამის ტექნიკური საშუალება მოგვეცემა საერთოდ არ ვაპირებთ მონაწილეობას არჩევნებში”, – განაცხადა შარაშიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს ბოიკოტი, მან უპასუხა: “ბოიკოტს დავარქმევთ თუ სხვა რამეს, ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას”, -განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, მეშვიდე მოწვევის საკრებულო დღეს პირველ სხდომას გამართავს.

მსგავსი თემები