საქართველოს მთავრობამ ინტერრაოსთან საარბიტრაჟო დავა წააგო – ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტ მთავარში“

„საქართველოს მთავრობამ ინტერრაოსთან საარბიტრაჟო დავა წააგო და არბიტრაჟმა მას 80 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი მომხდარს „მავნებლური პოლიტიკის“ შედეგს უწოდებს და მიაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც წინა ხელისუფლების შეცოდომებს იმეორებს:

„ის იმ მავნებლური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელსაც როგორც წინა ხელისუფლება, ისე ახლანდელი ხელისუფლებაც არ ღალატობს. მოგეხსენებათ, რომ თურქულ კომპანია ენკასთანაც საქართველოს მთავრობამ ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულება გააფორმა. მხოლოდ ხალხის შეუპოვარი ბრძოლის შედეგად არ მოხდა ამ გარიგების სისრულეში მოყვანა. დიდი ალბათობით ენკას შემთხვევაშიც აღმოჩნდება საქართველო კომპანიის პირისპირ, ისევ და ისევ მთავრობის გაუაზრებელი ნაბიჯების გამო. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მთავრობამ სწორედ ერთი წლის წინ გაყიდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თელასის 25 %.

ენერგო სისტემის სრული პრივატიზაციისა და უცხო ქვეყნის კომპანიებზე გასხვისების გამო საქართველოს მოსახლეობა და სახელმწიფო ყოველწლიურად ასობით მილიონს ზარალობს, რასაც საარბიტრაჟო დავებიც ემატება. ეს ან დაუდევრობის, უცოდინრობის ან არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია. უარეს შემთხვევაში ყველაფრის, კორუფციულ ინტერესებთან ერთად.

რაც ყველაზე პარადოქსულია, ყველა მთავრობა ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს  ენერგოდამოიკიდებლობის ეგიდით აკეთებს.

ამიტომ მოვითხოვთ სისტემური ენერგოინფრასტრუქტურის ნაციონალიზაციას,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები